CINECITTA - ᲘᲢᲐᲚᲘᲣᲠᲘ ᲙᲘᲜᲝ-ᲥᲐᲚᲐᲥᲘ ᲠᲝᲛᲨᲘ
- learnwithnataly
- Apr 22
- 1 min read
როდესაც იტალიურ კულტურაზე ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია გვერდი ავუაროთ კინოს. არსებობს ერთი ადგილი, რომელსაც „იტალიური ოცნებების ფაბრიკას“ უწოდებენ და რომელიც რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, Via Tuscolana-ზე მდებარეობს. ეს არის Cinecittà (ითარგმნება როგორც „კინო-ქალაქი“) - ევროპის უდიდესი კინოსტუდია და იტალიური იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო.

ჰოლივუდი ტიბრზე
Cinecittà 1937 წელს გაიხსნა. 1950-60-იან წლებში კი სტუდიამ ისეთ პოპულარობას მიაღწია, რომ მას „ჰოლივუდი ტიბრზე“ (Hollywood on the Tiber) შეარქვეს. აქ გადაღებულია 3000-ზე მეტი ფილმი, რომელთაგან 50-ზე მეტს „ოსკარის“ ჯილდო აქვს მიღებული.
ამ პავილიონებში დაიბადა ნეორეალიზმი - იმდინარეობა, რომელმაც კინო პრიალა დეკორაციებიდან რეალურ ადამიანებთან და მათ ტკივილთან დააბრუნა. რობერტო როსელინი,ვიტორიო დე სიკა და მოგვიანებით ფედერიკო ფელინი აქ იღებდნენ შედევრებს, რომლებიც დღეს კლასიკად მიიჩნევა. ფელინისთვის Cinecittà იმდენად მშობლიური იყო, რომ ის ლეგენდარულ მე-5 პავილიონში (Teatro 5) ხშირად ცხოვრობდა კიდეც გადაღებების დროს. მისი სიტყვებით, როდესაც ამ სტუდიაში შედიოდა, რეალობა წყდებოდა და იწყებოდა ნამდვილი ცხოვრება - კინო.

თუ რომში მოხვდებით, Cinecittà-ს მონახულება გაჩვენებთ იმ ქალაქს, რომელიც ტურისტული ღია ბარათების მიღმაა. ეს არის ცოცხალი მუზეუმი, სადაც დრო გაჩერებულია, თუმცა შემოქმედებითი პროცესი არასოდეს წყდება.

კინო-ქალაქში ნახვათ გიგანტურ დეკორაციებს - შეგიძლიათ გაისეირნოთ ძველი რომის ქუჩებში,ნახოთ ფლორენციის რენესანსული შენობების ასლები ან იერუსალიმის ტაძრების მაკეტები. ეს ის ლოკაციებია, სადაც ისეთი პროექტები გადაიღეს, როგორიცაა „ბენ-ჰური“, „კლეოპატრა“ ან HBO-ს სერიალი „რომი“.

Cinecittà si Mostra - ეს არის მუდმივი გამოფენა, სადაც ინახება საკულტო ფილმების ორიგინალი კოსტიუმები, რეკვიზიტები და იტალიური კინოს „ოქროს ხანის“ ამსახველი ფოტომასალა.
ენა, როგორც ემოცია: როგორ ვისწავლოთ იტალიური კინოთი?
იტალიური ენა და კინო განუყოფელია. იტალიური ფილმების ყურება თარგმნილი სუბტიტრების გარეშე სულ სხვა გამოცდილებაა. ესაა შანსი, გაიგოთ არა მხოლოდ სიტყვები, არამედ ჟესტები, ინტონაციები და ის „dolce vita“ განწყობა, რომელიც თარგმანში ხშირად იკარგება.
როდესაც გესმით მარჩელო მასტროიანის ხმა ან სოფი ლორენის ემოციური მონოლოგები, თქვენ ენას ქვეცნობიერად, ბუნებრივ გარემოში ითვისებთ. კინო საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ ცოცხალი, სასაუბრო იტალიური და არა მხოლოდ სახელმძღვანელოების მშრალი გრამატიკა.

თუ კინო თქვენი გატაცებაა და გსურს იტალიური ენა ამ ჯადოსნური სამყაროს დახმარებით შეისწავლოთ, ჩვენი კურსი იტალიური ენა კინოს საშუალებით სწორედ თქვენთვის შეიქმნა.
კურსზე არ მოგაწყენთ გრამატიკული ცხრილებით. ამის ნაცვლად, ჩვენ ერთად:
🎬 გავაანალიზებთ კლასიკურ და თანამედროვე იტალიურ ფილმებს.
🎬 ვისწავლით ცოცხალ ფრაზებსა და იდიომებს პირდაპირ ეკრანიდან.
🎬 აღმოვაჩენთ იტალიურ კულტურას იტალიელი რეჟისორების თვალით.
შენიშნვნა: გაითვალისწინეთ, რომ რომში არსებობს ამავე სახელწოდების გასართობი პარკიც - Cinecittà World, რომელიც ატრაქციონებზეა ორიენტირებული, ქალაქგარეთ მდებარეობს (Via di Castel Romano, 200). თუმცა, თუ თქვენი მიზანი ისტორიული პავილიონების, ნამდვილი გადასაღები მოედნებისა და იტალიელი რეჟისორების კვალის ნახვაა, არ აგერიოთ - თქვენ სწორედ Cinecittà Studios-ს უნდა ეწვიოთ, რომელიც ქალაქის ცენტრთან უფრო ახლოს მდებარეობს (Via Tuscolana, 1055).

