30 ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲤᲠᲐᲖᲐ ᲘᲢᲐᲚᲘᲐᲨᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲘᲡᲐᲡ
- learnwithnataly
- Apr 21
- 3 min read
იტალიაში მოგზაურობის ოცნება ყველასთვის ნაცნობი მდგომარეობაა, თუმცა ვთანხმდებით რომ მისი ნამდვილი ხიბლი მხოლოდ არქიტექტურასა და პეიზაჟებში არ იმალება და ნამდვილ იტალიას ყოველდღიურ ინტერაქციებში და ურთიერთობებში ეცნობით.
ჩვენს მიერ შეკრებილი რამდენიმე საბაზისო ფრაზის ცოდნა არა მხოლოდ გზის გაკვლევაში დაგეხმარებათ, არამედ ადგილობრივებსაც აჩვენებს, რომ მათი კულტურა თქვენთვის მართლაც საინტერესოა.
რამდენიმე სწორი ფრაზა ხშირად უფრო მეტ კარს გაგიღებთ, ვიდრე იდეალურად დაგეგმილი მარშრუტი. სწორედ ამიტომ, სანამ რომის, ფლორენციის ან ვენეციის ქუჩებში აღმოჩნდებით, ეს პრაქტიკული გამონათქვამები თან იქონიეთ.
Andiamo! (წავედით!) 🤗

ᲛᲘᲡᲐᲚᲛᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ
Salve / Ciao (სალვე / ჩაო) - „სალვე“ შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როცა ფორმალური ტონი გჭირდებათ (უცნობთან, მაღაზიაში, სერვისში), ხოლო „ჩაო“ უფრო თავისუფალი და მეგობრულია, როცა მეგობრებს ან უკვე ნაცნობ ადამიანებს ესაუბრებით; ორივე შეიძლება ნიშნავდეს როგორც მისალმებას, ისე დამშვიდობებას, კონტექსტიდან გამომდინარე. „სალვეზე“ ადგილობრივებისგანაც გამოგვადგება რჩევა - შეგიძლიათ მაშინაც გამოიყენოთ, როცა არ იცით დღის კონკრეტულ მონაკვეთში „გამარჯობა“ თქვათ თუ „დღე მშვიდობისა“.
Arrivederci (არივედერჩი) - გამოიყენეთ მაშინ, როცა თავაზიანად ემშვიდობებით ადამიანს ოფიციალურ ან ნახევრად ოფიციალურ სიტუაციაში.
Buongiorno (ბონჯორნო) - თქვით დილით ან დღის პირველ ნახევარში, როცა ვინმეს ესალმებით, განსაკუთრებით სერვისის პერსონალთან ან უცნობებთან.
Buonasera (ბონასერა) - გამოიყენება დაახლოებით 16:00-ის შემდეგ, საღამოს მისალმებისას, როგორც ფორმალურ, ისე ნეიტრალურ გარემოში.
Buonanotte (ბონანოტე) - გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როცა უკვე მიდიხართ დასაძინებლად ან ვინმეს მშვიდობიან ღამეს უსურვებთ დღის ბოლოს.
Come stai? (კომე სტაი?) - ნიშნავს „როგორ ხარ?“, დაუსვით ეს კითხვა მეგობრებს, ნაცნობებს ან არაფორმალურ გარემოში.
Bene, grazie (ბენე, გრაციე) - გამოიყენეთ როგორც სტანდარტული, მოკლე პასუხი კითხვაზე „როგორ ხარ?“ ყოველდღიურ დიალოგებში.
Mi chiamo... (მი კიამო...) - ნიშნავს „მე მქვია...“ თქვით საკუთარი თავის წარდგენისას, როცა ახალ ადამიანს ხვდებით ან ოფიციალურ/ნახევრად ოფიციალურ გაცნობაში ერთვებით.

ᲗᲐᲕᲐᲖᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲝᲥᲠᲝᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ
იტალიურ კულტურაში პატარა სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს 😊
Grazie / Grazie mille (გრაციე / გრაციე მილე) - ნიშნავს „მადლობა“ და გამოიყენება ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს მომსახურება, დახმარება თუ მცირე ჟესტი; „mille“ გამოიყენება მაშინ, როცა გინდათ მადლიერება უფრო გამოკვეთილად გამოხატოთ.
Per favore (პერ ფავორე) - დაამატეთ ნებისმიერ თხოვნას, რათა კომუნიკაცია უფრო თავაზიანი და ბუნებრივი გახდეს.
Prego (პრეგო) - გამოიყენება პასუხად „მადლობა“-ზე („არაფრის“ მნიშვნელობით), ასევე მაშინ, როცა ვინმეს უთმობთ გზას ან ეპატიჟებით („მობრძანდით“, „გაიარეთ“).
Mi scusi (მი სკუზი) - თქვით უცნობთან მიმართვისას, ყურადღების მისაქცევად ან ხალხმრავალ ადგილას გზის გასათავისუფლებლად.
Mi dispiace (მი დისპიაჩე) - გამოიყენეთ ბოდიშის მოსახდელად, როცა შემთხვევით ვინმეს შეეჯახებით ან მცირე უხერხულობა წარმოიქმნება.

ᲝᲠᲘᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲐ
ქალაქში თავისუფლად გადაადგილებისთვის კი ეს ფრაზები გამოგადგებათ 🙋♀️
Parli inglese? (პარლი ინგლეზე?) - ჰკითხეთ სანამ ინგლისურად საუბარს დაიწყებთ, განსაკუთრებით უცნობებთან, რათა კომუნიკაცია უფრო თავაზიანი გახდეს და არა უტაქტო.
Dove sono i servizi? (დოვე სონო ი სერვიცი?) - გამოიყენება უფრო ფორმალურად, მაგალითად, როცა საპირფარეშოს ადგილმდებარეობას კითხულობთ საჯარო სივრცეში.
Dov’è il bagno? (დოვე ილ ბანიო?) - იგივე შეკითხვის უფრო მარტივი და ყოველდღიური ფორმაა, როცა სწრაფად გჭირდებათ მიმართულება.
Dov’è...? (დოვე...?) - გამოიყენეთ კონკრეტული ადგილის ძებნისას, მაგალითად, როცა კითხულობთ სად არის მუზეუმი, კაფე ან სასტუმრო.
Aperto / Chiuso (აპერტო / კიუზო) - ნიშნავს „ღიაა“ / „დაკეტილია“. დაგეხმარებათ ნიშნების გასაგებად, როცა ამოწმებთ, არის თუ არა ობიექტი ღია ან დახურული.

ᲒᲐᲡᲢᲠᲝᲜᲝᲛᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ
იტალიაში კერძის შეკვეთა პატარა რიტუალია 🍝🍷
Il conto, per favore (ილ კონტო, პერ ფავორე) - გამოიყენეთ გადახდისას, რადგან იტალიაში ანგარიშს თავად არ მოგიტანენ, თუ თვითონ არ მოითხოვთ.
Vorrei... (ვორეი...) - გამოიყენეთ შეკვეთისას, როცა გინდათ თავაზიანად თქვათ „მე მსურს...“.
Un cappuccino, per favore (უნ კაპუჩინო, პერ ფავორე) - თუ ესპრესოს კაპუჩინოს ამჯობინებთ, შეუკვეთეთ ამ ფრაზით დილით, საუზმეზე, რადგან იტალიაში კაპუჩინოს ძირითადად მხოლოდ ამ დროს სვამენ.
Due espressi (დუე ესპრესი) - გამოიყენება დღის განმავლობაში, განსაკუთრებით ლანჩის შემდეგ, როცა სწრაფი ყავა გინდათ.
Un bicchiere di vino rosso (უნ ბიკიერე დი ვინო როსო) - თქვით საღამოს ან ვახშმისას, როცა ჭიქა წითელ ღვინოს უკვეთავთ.
Buon appetito (ბონ აპეტიტო) – იგივეა რაც „გემრიელად მიირთვით“ / „შეგერგოთ“, უთხარით თანამეინახეს ჭამის დაწყებამდე, როგორც კეთილი სურვილი.

ᲨᲝᲞᲘᲜᲒᲘ ᲓᲐ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠᲘ ᲓᲘᲐᲚᲝᲒᲔᲑᲘ
Quanto costa? (კვანტო კოსტა?) – „რა ღირს?“ გამოიყენეთ ფასის გასაგებად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეტიკეტი არ ჩანს, სხვა შემთხვევაში უტაქტობაში ჩაგეთვლებათ.
Accettate carte di credito? (აჩეტატე კარტე დი კრედიტო?) - ჰკითხეთ გადახდამდე, რათა დარწმუნდეთ, რომ ბარათს იღებენ.
È bello (ე ბელო) - თქვით კომპლიმენტის სახით, როცა პროდუქტი ან ნივთი მოგეწონათ.
Posso provarlo? (პოსო პროვარლო?) - გამოიყენეთ ტანსაცმლის ან აქსესუარის მოსაზომად ნებართვის თხოვნისას.
Grazie, ci penso (გრაციე, ჩი პენსო) - თქვით თავაზიანად, როცა ყიდვას არ ჩქარობთ და გინდათ კარგად მოიფიქროთ.
Lo prendo (ლო პრენდო) - თქვით როცა უკვე საბოლოოდ გადაწყვეტთ ნივთის შეძენას.
ეს ფრაზები მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ საკმარისია, რომ იტალიაში ყოფნისას თავი უფრო თავისუფლად იგრძნოთ და კომუნიკაცია ბუნებრივად ააწყოთ. ენა აქ ინსტრუმენტი კი არა, გამოცდილების ნაწილია.
ხოლო თუ გინდათ, ეს გამოცდილება ზედაპირულ დონეზე არ დარჩეს, სისტემური სწავლა აუცილებელია. ჩვენი იტალიური ენის კურსი ორიენტირებულია არა მხოლოდ ლექსიკაზე, არამედ რეალურ დროში კომუნიკაციაზე - იმაზე, რაც თქვენს მოგზაურობას თუ იტალიაში ცხოვრებას ნამდვილად უკეთესობისკენ შეცვლის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში 🩷


