top of page

VOGUE WORLD 2026 ᲛᲘᲚᲐᲜᲨᲘ: ᲛᲝᲓᲐ, ᲮᲔᲚᲝᲕᲜᲔᲑᲐ ᲓᲐ VOGUE CAFÉ-Ს ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ

learnwithnataly
19 minutes ago
4 min read

სექტემბერში მილანის ცენტრში უჩვეულო სანახაობა გაიმართა. გალერეა, სადაც ჩვეულებრივ ტურისტები სეირნობენ, მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებენ და ყავას სვამენ, ერთ საღამოს გრანდიოზულ მოდის სცენად გადაიქცა - ისტორიული თაღების და მინის გუმბათის ქვეშ გამოჩნდნენ მოდელები, დიზაინერები, მუსიკოსები და მოცეკვავეები. რამდენიმე დღის შემდეგ კი იქვე, დუომოს სიახლოვეს, Vogue-მ კიდევ ერთი სივრცე გააცოცხლა, ამჯერად ყავით, წიგნებით, ილუსტრაციებითა და სხვა კულტურული ღონისძიებებით. მილანის მოდის ისტორია მხოლოდ ცნობილი ბრენდების სახელებით არ იწყება. ქალაქი საუკუნეების განმავლობაში ვაჭრობის, ქსოვილების წარმოებისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. მოგვიანებით მათ ინდუსტრიული წარმოება, დიზაინი და თანამედროვე მოდის ინდუსტრია დაემატაც. სწორედ ამ ისტორიის გამო გახდა მილანი იდეალური ადგილი Vogue World-ის მეხუთე გამოცემისთვის.


Vogue World პირველად 2022 წელს ნიუ-იორკში გაიმართა. შემდეგ ღონისძიებამ ლონდონში, პარიზსა და ლოს-ანჯელესში გადაინაცვლა. მილანი კი 2026 წლის 22 სექტემბერს გახდა პირველი იტალიური ქალაქი, რომელმაც ამ მასშტაბის შოუს უმასპინძლა.



წლევანდელი ღონისძიების მთავარი იდეა იყო Where the Future Is Made by Hand, ანუ „სადაც მომავალს ხელით ქმნიან“. შოუ იტალიური ოსტატობის ისტორიას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აკავშირებდა და აჩვენებდა, როგორ შეიძლება ტრადიციებმა ახალი მნიშვნელობა შეიძინონ.


Vogue World-ისთვის შერჩეული ადგილი შემთხვევითი არ ყოფილა, Galleria Vittorio Emanuele II მილანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც დუომოს მოედანს ლა სკალას თეატრის მიმდებარე მოედანთან აკავშირებს.

გალერეა არქიტექტორ ჯუზეპე მენგონის პროექტით XIX საუკუნეში აშენდა. მისი მშენებლობა 1865 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად 1867 წელს გაიხსნა. შენობის რკინისა და მინის კონსტრუქცია იმ დროის საინჟინრო მიღწევების შთამბეჭდავი მაგალითია.


გალერეის ოთხი მონუმენტური გასასვლელი ცენტრალურ სივრცეში იყრის თავს, რომელსაც მინის გუმბათი აგვირგვინებს. იატაკზე კი მოზაიკური გამოსახულებებია, მათ შორის იტალიის ქალაქების სიმბოლოები. მილანელებისთვის ეს ადგილი დიდი ხანია უბრალოდ სავაჭრო ცენტრზე მეტია, მას "მისაღებ ოთახს“ ეძახიან, აქ ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, სეირნობენ, კაფეებში სხდებიან და ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობენ.



სწორედ ამ სივრცეში მოწყობილი ჩვენება ერთგვარი დიალოგი იყო წარსულსა და აწმყოს შორის: XIX საუკუნის ინდუსტრიული ეპოქის არქიტექტურამ XXI საუკუნის მოდას უმასპინძლა.


Vogue World 2026 ჩვეულებრივი ჩვენება არ ყოფილა, სადაც მოდელები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ახალ კოლექციებს წარადგენენ. საღამო ხუთ თემატურ მოქმედებად იყო დაყოფილი და თითოეული იტალიური შემოქმედების განსხვავებულ პერიოდს წარმოადგენდა.


პირველი მოქმედება რენესანსს ეძღვნებოდა - სანთლების შუქზე გამოჩნდა მდიდრული ქსოვილები, მაქმანები, ორნამენტები და ხელით დამუშავებული დეტალები. აქ მთავარი ყურადღება იმ ეპოქას დაეთმო, როდესაც მხატვრები, მოქანდაკეები და ხელოსნები ხშირად ერთსა და იმავე შემოქმედებით გარემოში მუშაობდნენ.


შემდეგ სცენა ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში გადავიდა - მკაცრი სილუეტები, მატყლის ქსოვილები და ე.წ. "თავშეკავებული" ფერები იტალიის სამრეწველო ისტორიას, განსაკუთრებით ტურინის საავტომობილო და საწარმოო კულტურას უკავშირდებოდა.



მესამე მოქმედებამ მაყურებელი იტალიური კინოს ოქროს ხანაში გადაიყვანა - ფედერიკო ფელინის ფილმებით შთაგონებული ატმოსფერო, მკვეთრი ფერები და ექსპრესიული სამოსი La Dolce Vita-ს ესთეტიკას აცოცხლებდა.


მეოთხე ნაწილში მთავარი თემა თანამედროვე ტექნოლოგიები გახდა - "ჭკვიანი ქსოვილები", ახალი მასალები და ისეთი სამოსის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც გარემოს ცვლილებებზე, ტემპერატურასა თუ მოძრაობაზე რეაგირებს.


ფინალური მოქმედება კი მომავალს მიეძღვნა - აქ კონკრეტული ეპოქის აღდგენა აღარ იყო მთავარი. დიზაინერებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ, როგორ შეიძლება შეიცვალოს მოდა მომდევნო ათწლეულებში.


საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იტალიელი ბალეტის ვარსკვლავის, რობერტო ბოლეს გამოსვლა იყო.


ბოლემ და მისმა დასმა გალერეაში ჯუზეპე ვერდის "ტრავიატას“ მუსიკის თანხლებით იცეკვეს. დასის კოსტიუმები კი Ferrari-ს შემოქმედებითმა დირექტორმა როკო იანონემ შექმნა (Ferrari-ის სახელის გაგონებაზე ალბათ პირველ რიგში ავტომობილები გვახსენდება, თუმცა ბრენდის მოდის მიმართულებამ ამ წარმოდგენისთვის სპეციალური კოსტიუმები შეიქმნა).


Vogue World ერთ საღამოს გაგრძელდა, თუმცა Vogue-ს მილანური პროგრამა ამით არ დასრულებულა. 24-26 სექტემბერს ქალაქის ცენტრში კვლავ გაიხსნა Vogue Café, დროებითი კულტურული სივრცე, რომელიც მოდის კვირეულის სტუმრებსა და ფართო საზოგადოებას მასპინძლობდა.


აქ სულაც არ იყო საჭირო მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლი ყოფილიყავით ან ჩვენებაზე სპეციალური მიწვევა გქონოდათ. სტუმრებს შეეძლოთ ყავის დალევა, ჟურნალების დათვალიერება, წიგნების კითხვა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობა.



Vogue Café-ს იდეა მარტივია: მოდა მხოლოდ პოდიუმზე წარმოდგენილი ტანსაცმელი არ არის. ის დაკავშირებულია ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, საკვებთან, დიზაინთან და იმ ყოველდღიურ ჩვევებთანაც, რომლებიც ჩვენს გემოვნებას აყალიბებს.


აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, რომ Vogue Café არ არის მუდმივად მოქმედი კვების ობიექტი, რომელსაც Vogue-ს სახელი ყოველთვის ერქვა. ეს არის ჟურნალის მიერ შექმნილი დროებითი ღონისძიება, რომელიც გარკვეული დღეების განმავლობაში ფუნქციონირებს.



2026 წლის სექტემბერში მილანმა Vogue Café-ს მეორე იტალიურ გამოცემას უმასპინძლა. იმავე წლის თებერვალში ჩატარებული პირველი გამოცემა მკითხველებთან შეხვედრებს, სტილის სესიებსა და შემოქმედებით აქტივობებს აერთიანებდა, მაგრამ სექტემბრის პროგრამა უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მასში მონაწილეობდნენ ცნობილი შეფმზარეული, დიზაინერები, ილუსტრატორები და გამომცემლები.


კაფის სტუმრებს შორის იყვნენ ანა ვინტური, კარლო კრაკო, Vogue-ის რედაქტორები და მოდის სამყაროს სხვა წარმომადგენლები. სასახლეში გაიმართა Vogue 100-ის შეხვედრაც, რომელიც ხელოსნობასა და შემოქმედებითობას მიეძღვნა, ასევე Cinemoda-ს მეორე გამოცემის მისასალმებელი საღამო.


აი Vogue Café-სთვის შერჩეული შენობა კი ისეთივე საინტერესოა, როგორიც თავად ღონისძიება. Palazzo dei Giureconsulti მილანის ისტორიულ ცენტრში, Piazza dei Mercanti-ზე მდებარეობს. დღეს ეს ადგილი დუომოსთან სიახლოვის მიუხედავად შედარებით მშვიდი მოედანია, თუმცა შუა საუკუნეებში ქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრი იყო.


1228 წელს მილანის საქალაქო საბჭომ მოედნის მოწყობა გადაწყვიტა, რათა აქ ვაჭრობა და ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული საქმიანობა ერთად თავმოყრილიყო.

დღევანდელი სასახლის მშენებლობა კი 1562 წელს დაიწყო. პროექტის ავტორი ვინჩენცო სერენი იყო, რომელიც მილანის საკათედრო ტაძრის მშენებლობაზეც მუშაობდა. სასახლე ოფიციალურად 1654 წელს გაიხსნა.



შენობის არქიტექტურა მანიერიზმის ნიშნებს ატარებს. მის ფასადს ნახევარწრიული თაღები, ორმაგი სვეტები, დეკორატიული ელემენტები და სიმეტრიული ფანჯრები გამოარჩევს. საინტერესოა, რომ მშენებლობისას უფრო ძველი, XIII საუკუნის კოშკიც შეინარჩუნეს და ახალ ნაგებობაში ჩართეს.



მილანის მოდის კვირეული


Vogue World-თან ერთად მილანში 2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებიც გაიმართა.


მიუჩა პრადამ და რაფ სიმონსმა მთელი კოლექცია ქვედაბოლოს გარშემო ააგეს. 63 განსხვავებული ვარიაცია, მოკლე და გრძელი მოდელები, გამჭვირვალე ფენები, დეკორატიული დეტალები და მოულოდნელი ფერთა შეხამებები...

დემნამ ჩვენებისთვის საკონფერენციო სივრცეში Gucci-ს მაღაზიის ინტერიერი აღადგინა. კოლექციაში ki ერთმანეთს ენაცვლებოდა მკაცრი თარგის სამოსი, გამოკვეთილი მხრები და ბრენდისთვის დამახასიათებელი გლამური.


Moschino-ს სიმონე რიცოსა და ლორის მესინას სადებიუტო ჩვენებაში მოდელები ერთ მხარეს მოძრაობდნენ, ჩვეულებრივ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები კი საპირისპირო მიმართულებით მიდიოდნენ.


Fendi-ს ჩვენება სარკეებით მოწყობილ სივრცეში გაიმართა. მაყურებელი ერთდროულად ხედავდა მოდელებს, საკუთარ ანარეკლს და სამოსის განსხვავებულ რაკურსებს. სივრცის დიზაინმა კოლექციის აღქმაც შეცვალა და განსხვავებული პერსპექტივით წარმოადგინა სამოსი.


Max Mara-მ 1930-იანი წლების მოგზაური და დამოუკიდებელი ქალების სტილი გააცოცხლა. კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა საფარის ტიპის ქურთუკებს, ფართო შარვლებსა და ბუნებრივ ფერებს. იან გრიფითსმა პრაქტიკული სამოსი თანამედროვე, ელეგანტურ გარდერობად აქცია.


სილვანა არმანის კოლექცია ბრენდისთვის გარდამტეხ პერიოდში წარადგინეს. სამოსში შენარჩუნებული იყო Armani-სთვის დამახასიათებელი თავისუფალი თარგი დახვეწილი პროპორციებით.



მთლიანობაში მილანის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი იყო 10 ბრენდი.


Ferragamo (SS27)
Ferragamo (SS27)

Dolce & Gabbana (SS27)
Dolce & Gabbana (SS27)

Dolce & Gabbana (SS27)
Dolce & Gabbana (SS27)

Bottega Veneta (SS27)
Bottega Veneta (SS27)

Vogue World მილანის ისტორია მხოლოდ სანახაობით არ დასრულებულა. ღონისძიების შემოსავალი მილანის ჩრდილოეთით მდებარე Quarto Oggiaro-ს უბნის ბიბლიოთეკის განახლებას მოხმარდება. პროექტის მიზანია სივრცის თანამედროვე კულტურულ ცენტრად გარდაქმნა, სადაც მოდა, მუსიკა, ხელოვნება და საზოგადოებრივი აქტივობები გაერთიანდება. ეს გადაწყვეტილება ღონისძიების მთავარ თემასაც უკავშირდება. შემოქმედებითობის მომავალი მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე არ არის დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ადგილები, სადაც ადამიანებს სწავლის, შეხვედრისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობა აქვთ.


ხოლო ამ ორ მოვლენას, Vogue World-ს და Vogue Café-ს თუ საერთო რამ აქვთ, ეს ალბათ ისაა, რომ ხელოვნება მხოლოდ მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში არ ცხოვრობს. ზოგჯერ მას ქალაქის ქუჩებში, წიგნის ფურცლებზე, ტანსაცმლის დეტალებში ან ყავის მაგიდასთან გამართულ საუბრებშიც ვიპოვით ❤️

bottom of page