top of page

ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲔᲑᲘ ᲤᲚᲝᲠᲔᲜᲪᲘᲐᲨᲘ: ᲣᲤᲘᲪᲘ, ᲑᲐᲠᲯᲔᲚᲝ ᲓᲐ ᲞᲐᲚᲐᲪᲝ ᲞᲘᲢᲘ (ᲜᲐᲬᲘᲚᲘ 1)

learnwithnataly
Sep 25
4 min read

ფლორენცია შეიძლება აღვიქვათ ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმად, სადაც რენესანსის კვალი ყოველ ქუჩაზე და შენობაზე იგრძნობა. შეიძლება ითქვას, სწორედ ამ ქალაქში, მდინარე არნოს ნაპირებზე, დაიბადა თანამედროვე დასავლური ხელოვნება, არქიტექტურა და ლიტერატურა. ფლორენციაში ვიზიტი ფერწერისა და ქანდაკების საუკუნოვან ევოლუციაში მოგზაურობას ნიშნავს. იმისთვის, რომ იტალიური კულტურის სიღრმეები და ესთეტიკა ბოლომდე შეიგრძნოთ, პირველ რიგში მუზეუმები უნდა მოინახულოთ: უფიცის გალერეა, ბარჯელოს ეროვნული მუზეუმი, პალაცო პიტი და სხვა მრავალი.

დღევანდელ ბლოგში დეტალურად გაგიზიარებთ ამ სამი უნიკალური სივრცის ისტორიას, მათში დაცულ შედევრებსა და პრაქტიკაში გამოსაყენებელ ინფორმაციას, თუ გადაწყვეტთ რომ ადგილზე მოინახულოთ ისინი.


უფიცი (Galleria degli Uffizi)


საინტერესოა, რომ შენობა, რომელსაც დღეს მილიონობით ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს, თავდაპირველად საერთოდ არ იგეგმებოდა მუზეუმად. 1559-1560 წლებში ტოსკანის ჰერცოგმა კოზიმო I დე მედიჩიმ გადაწყვიტა, ფლორენციის მთელი ადმინისტრაციული აპარატი, სასამართლოები და სახელმწიფო არქივები ერთ ცენტრალურ კომპლექსში გაეერთიანებინა. იტალიური სიტყვა uffizi სწორედ „ოფისებს“ ნიშნავს.

პროექტი იმ დროს ცნობილ არქიტექტორსა და მხატვარს, ჯორჯო ვაზარის დაევალა. ვაზარიმ შექმნა უნიკალური, U-ს ფორმის მონუმენტური სასახლე, რომლის მშენებლობაც 1560 წელს დაიწყო (მოგვიანებით სამუშაოები ბერნარდო ბუონტალენტიმ დაასრულა).

შენობა იმდენად ჰარმონიული და გრანდიოზული გამოვიდა, რომ მედიჩების დინასტიამ მისი ზედა სართულები საკუთარი, უძვირფასესი კერძო კოლექციების განთავსებისთვის გამოიყენა.


უფიცის ისტორია მედიჩებთან განუყოფლადაა გადაჯაჭვული. მედიჩების გვარს, რომელსაც ხელოვნებისადმი თითქმის აკვიატებული ლტოლვა ჰქონდა. საუკუნეების მანძილზე, ოჯახის აღმავალი თუ დაღმავალი პერიოდების დროს, მათ მფლობელობაში მყოფი ხელოვნების ნიმუშები, ხან მზითევში გადადიოდა, ხან ანდერძით, ხანაც პოლიტიკური ავანტიურების მსხვერპლი ხდებოდა, თუმცა მედიჩები თაობიდან თაობამდე ინარჩუნებდნენ ამ ადგილს.

თავიდან, აქ იყო უნივერსალური კოლექცია - ნახატებთან ერთად აქ ინახებოდა ანტიკური ქანდაკებები, ძვირფასი ქვები, იარაღი და ასტრონომიული ხელსაწყოებიც კი. 1580-1581 წლებში სივრცე უკვე ოფიციალურად ჩამოყალიბდა იმ დროის ევროპაში ყველაზე შთამბეჭდავ კულტურულ კერად.

მართალია, 1591 წელს მედიჩებმა კოლექციის დათვალიერების უფლება მხოლოდ ელიტას და ინტელექტუალური საზოგადოების წევრებს მისცეს, თუმცა 1769 წელს უფიცის კარი საბოლოოდ ფართო საზოგადოებისთვისაც გააღეს.


დღეს უფიცის საგამოფენო სივრცე 13,000 კვადრატულ მეტრზე მეტს მოიცავს და მისი მასშტაბები გაფართოების პროექტების ფონზე კიდევ უფრო იზრდება. მუზეუმის 45-ზე მეტ დარბაზში 100,000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, მათ შორის ათასობით ფერწერული ტილო, გრავიურა და ანტიკური ქანდაკება;

ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ (Nascita di Venere) და „გაზაფხული“ (Primavera) მუზეუმის მთავარი გულია. ასევე ლეონარდო და ვინჩის ადრეული პერიოდის გენიალური ტილოები. აქვეა მიქელანჯელო ბუონაროტის ცნობილი „დონი ტონდო“ (Tondo Doni). რაფაელი, ტიციანი, კარავაჯო. ჯოტო და სხვა მრავალი.

ექსპერტების თქმით, ამ კოლექციის მატერიალური ღირებულება ათეულობით მილიარდ ევროს აჭარბებს, თუმცა რეალურად ის ხომ შეუფასებელია.


უფიცის გალერეას ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს და თითქმის შეუძლებელია, ამ სივრცეში ფეხი დადგათ და ე.წ. „სტენდალის სინდრომმა“ არ შეგაწუხოთ. ეს ერთგვარი ფსიქოსომატური მდგომარეობაა, რომელიც ფლორენციის მხატვრული მემკვიდრეობის ნახვის შედეგად უვითარდებათ ტურისტებს. ფენომენმა სახელი ფრანგი მწერლის სტენდალისგან მიიღო, რომელიც 1817 წელს ფლორენციაში მოგზაურობის შესახებ წერდა: "ფლორენციაში ყოფნისას ერთგვარ ექსტაზში ვიყავი, გულის ძლიერმა ფეთქვამ შემიპყრო, ჩემში სიცოცხლის წყარო გაშრა და სვლას მიწაზე დაცემის მუდმივი შიშით განვაგრძობდი".

1989 წელს კი სანტა მარია ნუოვას საავადმყოფოს (ფლორენცია) ფსიქიატრმა, გრაციელა მაგერინიმ ეს სინდრომი ფსიქ. აშლილობად შეაფასა. ის 100ზე მეტ ტურისტს დააკვირდა, რომლებსაც ხელოვნების ნიმუშების ნახვისას, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, ჰალუცინაციები და დეპერსონალიზაცია განუვითარდათ: "ისინი შედევრის ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და მოგზაურობით გამოწვეულ პანიკურ შეტევებს განიცდიდნენ".



ბარჯელო (Museo Nazionale del Bargello)


თუ უფიცის გალერეა ფერწერის მოყვარულთა მექაა, ბარჯელოს ეროვნული მუზეუმი იტალიური ქანდაკების ნამდვილი სულია. ფლორენციის შუაგულში მდებარე ეს მონუმენტური შენობა ერთი შეხედვით მკაცრ, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს წააგავს, თუმცა მისი სქელი ქვის კედლების მიღმა დასავლური სამყაროს უმნიშვნელოვანესი ხელოვნების ნიმუშები ინახება.   


პალაცო დელ ბარჯელო (Palazzo del Bargello) 1255 წელს აიგო და ის ფლორენციის უძველესი საზოგადოებრივი შენობაა. საუკუნეების განმავლობაში ამ ნაგებობამ რამდენიმე დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა; თავდაპირველად შენობა ფლორენციის ხალხის კაპიტნის (Capitano del Popolo) რეზიდენცია იყო. XVI საუკუნეში შენობა პოლიციის უფროსის, ე.წ. „ბარჯელოს“ ხელში გადავიდა. იგი გადააქციეს ციხედ, სადაც ეზოში სიკვდილით დასჯასაც კი აღასრულებდნენ, ხოლო კედლებზე დამნაშავეთა პორტრეტებს ხატავდნენ. 1865 წელს, იტალიის გაერთიანების ეპოქაში, შენობას ჩაუტარდა საფუძვლიანი რესტავრაცია და ის ქვეყნის პირველ ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა, რომელიც მთლიანად შუა საუკუნეებისა და რენესანსის ხანის ქანდაკებას დაეთმო.


უფიცისგან განსხვავებით, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, ბარჯელო ვიზიტორებს საშუალებას აძლევს, აუჩქარებლად, მშვიდ გარემოში დატკბნენ ექსპონატებით და შიდა ეზოს (Cortile) დიდებული არქიტექტურით.

მუზეუმის მთავარი სიამაყე დონატელოს დარბაზია, სადაც განთავსებულია დონატელოს „დავითი“: ლეგენდარული ბრინჯაოს ქანდაკება. ეს არის ანტიკური ხანის შემდეგ პირველი სრულად შიშველი სკულპტურა, რომელმაც ევროპულ ხელოვნებაში რევოლუცია მოახდინა. მიქელანჯელო ბუონაროტის ადრეული შედევრები, ჯამბოლონიასა და ბენვენუტო ჩელინის ნამუშევრები. 



ქანდაკებების გარდა, მუზეუმში ინახება შუა საუკუნეების საბრძოლო იარაღის, ძვლისგან გამოკვეთილი უნიკალური ნივთების, მაიოლიკის (ჭიქურის კერამიკა) და ოქრომჭედლობის მდიდარი კოლექცია.



პალაცო პიტი (Palazzo Pitti) 


თუ უფიცი ფერწერის გულია და ბარჯელო კი ქანდაკების, პალაცო პიტი იტალიური მონარქიული დიდებულების, სამეფო ცხოვრებისა და ბაროკოს ესთეტიკის მწვერვალია. მდინარე არნოს გაღმა, ოლტრარნოს რაიონში მდებარე ეს რენესანსული სასახლე ნახვისთანავე გაგაოცებთ თავისი სილამაზით.



სასახლის ისტორია 1458 წელს იწყება და უკავშირდება მდიდარი ფლორენციელი ბანკირის, ლუკა პიტის ამბიციებს. რომელსაც სურდა, თავისი სიმდიდრით კოზიმო დე მედიჩისთვის ეჯობა. მან არქიტექტორებს დაავალა, რომ სასახლის ფანჯრები ზომით მედიჩების მთავარი სასახლის კარების ტოლი ყოფილიყო.

თუმცა, ბედის ირონიით, პიტის ოჯახი გაკოტრდა, მშენებლობა შეჩერდა და 1549 წელს ეს გიგანტური ნაგებობა სწორედ მედიჩებმა შეიძინეს - კოზიმო I-ის მეუღლემ, ელეონორა ტოლედოელმა.

დროთა განმავლობაში პალაცო პიტი გახდა ტოსკანის ჰერცოგების მთავარი რეზიდენცია, მოგვიანებით ნაპოლეონ ბონაპარტეს შტაბბინა, ხოლო იტალიის გაერთიანების პერიოდში (როდესაც ფლორენცია ქვეყნის დედაქალაქი იყო) საბოიას სამეფო დინასტიის სასახლე.


დღეს პალაცო პიტი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მუზეუმსა და საგამოფენო სივრცეს აერთიანებს: პალატინის გალერეას (Galleria Palatina), სადაც ბაროკოს სტილის 28 მდიდრულ დარბაზში ნახატები ქრონოლოგიურად კი არ არის განთავსებული, არამედ ჰერცოგების პირვანდელი, კოლექციონერული ესთეტიკით. აქ ინახება რაფაელის ნამუშევრების უდიდესი კოლექცია მსოფლიოში, ასევე ტიციანის, კარავაჯოს, რუბენსისა და ტინტორეტოს ბრწყინვალე ტილოები.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და სამეფო აპარტამენტები - სივრცეები, სადაც ინახება XIX-XX საუკუნეების იტალიელი ოსტატების ნამუშევრები და მონარქების პირადი ნივთები. და ზღაპრული ბობოლის ბაღები (Giardino di Boboli) - სასახლის უკან გაშლილი ეს პარკი იტალიური სტილის ბაღების პროტოტიპია. 45 ჰექტარზე გაშლილი სივრცე აერთიანებს ანტიკურ სკულპტურებს, მონუმენტურ შადრევნებსა და მისტიკურ გროტებს (მათ შორის ბუონტალენტის ცნობილ გროტს).


ფლორენციის მუზეუმებში სეირნობისას ხვდები, რომ იტალიის ნამდვილი ენა მხოლოდ გრამატიკის სახელმძღვანელოებში კი არ არის, არამედ იმ ემოციაში, მელოდიურობასა და ხასიათშია, რომელსაც ეს ქვეყანა საუკუნეებია ასხივებს. ენის ცოდნა კი არის ერთადერთი გასაღები, რომელიც ამ დიდებულ კულტურასთან ბარიერს სრულიად აქრობს.

Learn with Nataly-ში იტალიურ ენას სწორედ ასე ვასწავლით - ცოცხალ კონტექსტზე, ხელოვნებასა და რეალურ კომუნიკაციაზე დაყრდნობით.



bottom of page