top of page

IELTS vs TOEFL: ᲠᲝᲛᲔᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲐ ᲒᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐᲗ ᲐᲨᲨ-ᲡᲐ ᲓᲐ ᲑᲠᲘᲢᲐᲜᲔᲗᲨᲘ ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲚᲐᲓ?

  • learnwithnataly
  • Jun 22
  • 3 min read

Updated: Jul 24

დღევანდელ ბლოში განვიხილავთ ამ ორი გამოცდის მნიშვნელობას საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, აქვე უნდა ვახსენოთ რომ ენის საერთაშორისო გამოცდები მხოლოდ სტუდენტებისთვის არაა. რეალურად, პროფესიული სერტიფიკატის ფლობა რამდენიმე მიმართულებით გაგიხსნით გზას: გლობალური კარიერა და დასაქმება:  ხშირად საერთაშორისო კომპანიები (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) რეზიუმეში „English: Advanced“-ის ჩაწერას აღარ ენდობიან. ამ შემთხვევაში მათთვის IELTS ან TOEFL-ის მაღალი ქულა პირდაპირი გარანტიაა, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ბიზნეს-კომუნიკაცია, პრეზენტაციების მართვა, მოლაპარაკებები და ა.შ.

სამსახურებრივი დაწინაურება:  ბევრ მულტინაციონალურ ორგანიზაციაში მენეჯერულ პოზიციებზე გადასვლის სავალდებულო წინაპირობა ენის ოფიციალური დოკუმენტია.

იურიდიული მოთხოვნა იმიგრაციისთვის:  თუ გეგმავთ ცხოვრებას და მუშაობას დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში, ვიზის მიღების პროცესი ენის სერტიფიკატის გარეშე ფიზიკურად ვერ დაიწყება.


საერთაშორისო პედაგოგიური სტატუსი: განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის ეს სერტიფიკატები არის დასტური, რომ მათ აქვთ უფლება ასწავლონ ინგლისური საერთაშორისო სტანდარტებით და იყვნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე.


რა სიახლეა 2026 წელს?

მნიშვნელოვანი სიახლე TOEFL iBT-ს ეხება. 2026 წლის 21 იანვრიდან გამოცდა სრულად გადავიდა მრავალსაფეხურიან ადაპტური ტესტირების მოდელზე (Multistage Adaptive Testing). რაც ნიშნავს, რომ ტესტირება პერსონალიზებულია: Reading და Listening სექციების პირველ ბლოკს ყველა ერთნაირს აბარებს, ხოლო მეორე ბლოკის სირთულე ავტომატურად იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ უპასუხეთ პირველს.


ამის ხარჯზე, TOEFL-ის ხანგრძლივობა 4 საათიდან დრამატულად შემცირდა და ახლა სულ რაღაც 85-90 წუთს შეადგენს. წარსულს ჩაბარდა გრძელი, დამღლელი აკადემიური ესეების ეპოქა - ის ჩაანაცვლა მოკლე, პრაქტიკულმა დავალებებმა (მაგ. იმეილის წერა და ფორუმის დისკუსიაში ჩართვა).


IELTS კი კვლავ ინარჩუნებს თავის კლასიკურ, ხაზოვან სტრუქტურას (ყველასთვის ერთნაირი სირთულის ტესტი) და გრძელდება 2 საათი და 45 წთ.



დეტალური შედარება: IELTS (Academic) vs TOEFL iBT


იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ სხვაობა, შევადაროთ მათი ძირითადი კომპონენტები:


მახასიათებელი

IELTS (Academic მოდული)

TOEFL iBT (2026 წლის ფორმატი)

გამოცდის ხანგრძლივობა

დაახლოებით 2 საათი და 45 წთ

რეკორდულად მოკლე - 85-90 წთ

ტესტის სტრუქტურა

Linear - კითხვების სირთულე წინასწარ არის განსაზღვრული ყველასთვის

Adaptive - სირთულე იცვლება თქვენი პასუხების მიხედვით

Speaking

ცოცხალი ინტერვიუ ადამიანთან - მიმდინარეობს პირისპირ გამომცდელთან (ან ვიდეოზარით)

ავტომატიზებული ჩაწერა მიკროფონით - ოთახში გამომცდელი არ გესწრებათ, პასუხებს იწერთ კომპიუტერში

Writing

კლასიკური - გრაფიკის/ცხრილის ანალიზი + ვრცელი აკადემიური ესე

პრაქტიკული - წინადადებების აწყობა, იმეილის წერა და აკადემიური დისკუსია

შეფასების სისტემა

1-დან 9-მდე (Bands)

ახალი 1–6 ბალიანი სისტემა (CEFR-თან თავსებადი) + ტრადიციული 0-120 ქულა გარდამავალ პერიოდში



გეოგრაფიული ფაქტორი - აშშ თუ დიდი ბრიტანეთი?


მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტების უმეტესობა ორივე სერტიფიკატს აღიარებს, ქვეყნების მიხედვით იურიდიული და პრაქტიკული ნიუანსები მაინც არსებობს:



დიდი ბრიტანეთი და თანამეგობრობა (IELTS-ის უპირატესობა)


თუ თქვენი მიზანი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია ან ახალი ზელანდიაა, IELTS იდეალური არჩევანია. დიდი ბრიტანეთის ვიზებისა და იმიგრაციის სამსახური (UKVI) მკაცრად ითხოვს IELTS-ის სპეციალურ ფორმატს (IELTS for UKVI). TOEFL გარკვეულწილად შეზღუდულია საიმიგრაციო მიზნებისთვის ამ ქვეყნებში და ბიუროკრატიულად უფრო რთული მისაღებია.


აშშ (TOEFL-ის მშობლიური გარემო)


ამერიკული უნივერსიტეტების 99% უპირატესობას TOEFL-ს ანიჭებს, რადგან ის ამერიკული ორგანიზაციის (ETS) პროდუქტია. თუ მიზნად გაქვთ Ivy League (ჰარვარდი, იელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი და ა.შ.), TOEFL-ის ქულები იქ აბსოლუტური სტანდარტია, თუმცა აკადემიურ IELTS-საც იღებენ.



ფსიქოლოგიური ფაქტორი ანუ როგორ ხდება საუბრის (Speaking) შეფასება?



როგორც წესი ეს არის ნაწილი, რომელიც სტუდენტების გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ. კარგად დაფიქრდით, რომელი ფორმატი უფრო კომფორტულია თქვენთვის:


IELTS: ცოცხალი კომუნიკაცია - თქვენ ზიხართ რეალურ ადამიანთან პირისპირ. გამოცდა დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს. თუ კითხვა ვერ გაიგეთ, შეგიძლიათ სთხოვოთ გამომცდელს სხვა ვერსიების მოწოდება. ეს ფორმატი იდეალურია მათთვის, ვისაც ადამიანური ინტერაქცია სტრესს უმცირებს.

TOEFL: მონოლოგი მიკროფონთან და მკაცრი ტაიმერი - ოთახში სხვა კანდიდატებთან ერთად ზიხართ, გიკეთიათ ყურსასმენები და ლაპარაკობთ მიკროფონში. ეკრანზე წამზომი წამებს ითვლის - მოსაფიქრებლად კი სულ რამდენიმე წამი გაქვთ, რის შემდეგაც ჩაწერა ავტომატურად იწყება და წყდება. თქვენს პასუხს მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტი (AI) და ადამიანები ერთობლივად შეაფასებენ. ეს ფორმატი მათთვისაა, ვისაც ტექნოლოგიებთან მუშაობა ურჩევნია და გამომცდელის პირისპირ ჯდომა შფოთვას უმძაფრებს.  



როგორ დავრეგისტრირდეთ გამოცდებზე?


ორივე გამოცდაზე რეგისტრაცია და ადგილის დაჯავშნა ხდება ონლაინ, ოფიციალურ პლატფორმებზე:


TOEFL iBT: რეგისტრაციისთვის უნდა შექმნათ პროფილი ETS-ის ოფიციალურ საიტზე: ets.org/toefl

IELTS: ვინაიდან გამოცდას ბრიტანეთის საბჭო ადმინისტრირებს, უნდა გამოიყენოთ მათი ქართული ოფიციალური გვერდი: britishcouncil.ge/exam/ielts



და მაინც, რომელი აირჩიოთ?


აირჩიეთ TOEFL iBT, თუ გსურთ აშშ-ში სწავლა, გაქვთ კომპიუტერთან სწრაფად მუშაობის უნარი, გირჩევნიათ მაქსიმალურად მოკლე (85-წუთიანი) გამოცდა და გირჩევნიათ საუბრის ნაწილი მიკროფონთან ჩაწეროთ.  

აირჩიეთ IELTS, თუ გეგმავთ სწავლას დიდ ბრიტანეთში, კანადასა თუ ავსტრალიაში, გირჩევნიათ ტრადიციული საგამოცდო მიდგომა და საუბრის ეტაპზე პირისპირ გამომცდელთან დიალოგი.  


გახსოვდეთ: ნებისმიერი საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად მხოლოდ ზოგადი ინგლისურის (General English) ცოდნა საკმარისი არ არის. უმაღლესი ქულის მისაღებად აუცილებელია საგამოცდო სტრუქტურაში გარკვევა, დროის მენეჯმენტი და აკადემიური წერის სტრატეგიების შესწავლა. ხოლო თუ გსურთ საფუძვლიანად მოემზადოთ საერთაშორისო გამოწვევებისთვის, დარეგისტრირდით ჩვენს ინგლისური ენის კურსზე, სადაც გამოცდილ მასწავლებლებთან ერთად ეტაპობრივად გაივლით საგამოცდო ფორმატებს: https://www.learnwithnataly.com/courses

bottom of page